ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / საქართველო / გადაყვება თუ არა, ხელისუფლება „რუსთავი 2“-თან ბრძოლას – რა ხდება სინამდვილეში?

გადაყვება თუ არა, ხელისუფლება „რუსთავი 2“-თან ბრძოლას – რა ხდება სინამდვილეში?

ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიას, „რუსთავი 2“-ს ხელისუფლება ამჯერად ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სახით უპირისპირდება. ხალვაშმა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაქცეული იყო, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „რუსთავი 2“-ის ყოფილი მეწილე, ტელეკომპანიის დაბრუნებას ითხოვს.

რა იყო წინათ…

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბიზნესმენი ხალვაში, ოქრუაშვილის რეკომენდაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  100 პროცენტის მფლობელი იყო.

მოგვიანებით, მან განაცხადა რომ ტელეკომპანიის წილი ზეწოლის შედეგად მას შემდეგ დაათმობინეს, რაც ოქრუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას გაემიჯნა.

თუმცა, 2005 წლის 26 დეკემბერს, ქიბარ ხალვაშმა არხის 22% კომპანია „საქცემენტს“ (ამჟამად „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“) გადასცა.

ამ კომპანიის ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის მამა, რობერტ ბეჟუაშვილი იყო.

2006 წელს კი, ხალვაშმა, დარჩენილი 78% კომპანია „ჯეო-ტრანს“-ს მიჰყიდა, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნოდა.

დღეს, ხალვაში ისევ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად იწყებს ბრძოლას. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ მის უკან მოქმედი ხელისუფლება დგას.

რატომ ებრძვიან ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიას?

მოქმედი ხელისუფლებისათვის, განსაკუთრებულად დიდი დისკონფორტი დღეს მედიაა. მათ შორის, ნომერ პირველი ტელეკომპანია – „რუსთავი 2“.

ყველაზე ხშირად, ინტერნეტ მედიასთან ერთად, სწორედ „რუსთავი 2“ ააშკარავებს იმ მავნებლურ ფაქტებსა და მოვლენებს, რომლებიც ხელისუფლების უნიათობითა თუ უმოქმედობით ხდება.

მალე – 2016 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნებია. გაზრდილი კრიმინალის, გაუფასურებული ლარის, გაჩანაგებული ეკონომიკის, დაძაბული სოციალური ფონის, შეუსრულებელი დაპირებების, ხელისუფლების მიერ დაშვებული უამრავი საბედისწერო შეცდომებისა და არასწორი საინფორმაციო პოლიტიკის ფონზე, ცხადია, ცვლილებების სერიოზული რისკი არსებობს.

შესაბამისად, „რუსთავი 2“, ისევე როგორც სხვა მედია-საშუალებები, მაგალითად, მაღალრეიტინგული ინტერნეტ გამოცემები, სერიოზული რესურსი და საკმაოდ დიდი საფრთხეა ივანიშვილის მთავრობისათვის.

როგორც ჩანს, აგვისტოში, მაშინ, როცა საქართველო უცხოელი დიპლომატებისგან თითქმის დაცლილია, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სასამართლოს ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიაღებინებს, რითაც, „მტრული“ ტელევიზიის „მორჯულებას“ შეძლებს.

გვახსოვდეს ისტორია…

ხალვაშისნაირი თვითმარქვია მარიონეტები ყველა ხელისუფლებას ჰყავდა, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მედიის მფლობელობას იბრალებდნენ. თუმცა, აღსანიშნავია რომ მედიასთან ბრძოლას, ხელისუფლება ყოველთვის აგებდა.

კერძოდ, შევარდნაძის ხელისუფლებას, „რუსთავი 2“-თან ჭიდილი ძვირად დაუჯდა. მაშინ, ამ ამბავს შს და უშიშროების მინისტრები გადაჰყვნენ.

საბოლოო ჯამში, სააკაშვილის მთავრობამ წააგო ბრძოლა ტელეკომპანიებთან: „იმედთან“ და „მეცხრე არხთან“…

თუმცა, როგორც ჩანს, მოქმედმა ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა წინამორბედების მაგალითზე…

რა შეიძლება მოხდეს?

ღარიბაშვილის მთავრობას კარგად უნდა ესმოდეს რომ იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება, მიუხედავად ზეწოლის შედეგად სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა, თვითმარქვია მეწილეებისა თუ ტელეკომპანიის ბორდში „დამკვირვებლად“ ჩასმული „რიჟას“ ინსტრუქციებისა, წაგებული მაინც ხელისუფლება დარჩება.

არ არსებობს არც სამართლებრივი და საბედნიეროდ, არც პოლიტიკური რესურსი საიმისოდ, რომ ტელეკომპანია, ე.ი. კერძო საკუთრება კანონიერ მფლობელებს წაართვან და მათთვის მისაღებ პირს გადასცენ. …და თუ მაინც ასე მოხდება, პროცესი შესაძლოა, საყოველთაო მღელვარებაში გადაიზარდოს, რაზეც მოქმედ ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება.

ვისია „რუსთავი 2“?

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 90 პროცენტს ძმები ლევან და გიორგი ყარამანაშვილები ფლობენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე განხორციელდა შეტევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს, ხელისუფლებასთან დაახლოვებულმა პირებმა, არხის დასათმობად დიდი ფულიც შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს.

ამის შემდეგ, ხელისუფლება მათ ბიზნეს-კომპანიებს მისდგა… ძმები ყარამანაშვილები კი, იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ. დღეს ისინი უცხოეთში ცხოვრობენ და იქიდან მართავენ ტელეკომპანიას, რომელიც უკვე 20 წელია, ლიდერია ქართულ სატელევიზიო ბაზარზე.

ეროსი კიწმარიშვილის საქმე…

ხალვაშის მიერ გაჟღერებული გეგმისთანავე გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ რომ „ეროსი კიწმარიშვილი სწორედ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად მოკლეს, რითაც მთავარი კონკურენტი მოიცილეს“.

კიწმარიშვილის საქმის გამოძიება, ჯერჯერობით ისევ თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, ახლა, როცა ხელისუფლებამ, ხალვაშის სახით ტელეკომპანიას ბრძოლა გამოუცხადა, ეჭვები, მისი მკვლელობის შესახებ, კიდევ უფრო მეტად გამყარდება…

მართალია, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, „რუსთავი 2“-ის დამაარსებლისა და ყოფილი მფლობელის მკვლელობის თაობაზე, მაგრამ თუ არხის სარედაქციო პოლიტიკასა და დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება ავტომატურად დაუკავშირდება ხელისუფლების გეგმას – ოპოზიციური არხის დაქვემდებარების შესახებ. ასეთია პოლიტიკის თავისებურებები…

კიწმარიშვილმა, თავისი გარდაცვალებითაც კი, იმდენი შეძლო რომ მისი სახელი, საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისათვის საყვარელ და სანდო ტელევიზიას, სიკვდილის შემდეგაც დაკავშირებოდა.

 

წყარო : presa.ge

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი