ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / გველების ბუდედ ქცეული სანიაღვრე არხები – ლანჩხუთს დატბორვა ემუქრება

გველების ბუდედ ქცეული სანიაღვრე არხები – ლანჩხუთს დატბორვა ემუქრება

ლანჩხუთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე არხების პრობლემა დგას. როგორც ზენაიშვილის, ნინოშვილის, კოსტავასა და გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, სანიაღვრე არხები არ იწმინდება, რის გამოც ყოველი წვიმის შემდეგ მოვარდნილი ნიაღვარი პირდაპირ სამანქანო გზაზე მიედინება, ფეხით მოსიარულეებისთვის კი გადაადგილების პრობლემა დგება.

მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხი დღემდე გადაუჭრელია:

ადგილობრივთა განცხადებით, არც კი ახსოვთ, როდის გაიწმინდა ეს არხები, რომელიც დღეს ქვეწარმავლებისა და ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული:

,,ფაქტობრივად ჭაობია გამხდარი. წყალი ვეღარ გადის, გველებით და ათასი უბედურებებით გაივსო აქაურობა. ჩვენ, ჩვენი ძალებით, არაერთხელ გავწმინდეთ. თუმცა მარტო ხელით რას უზამ არხებს. ხეებია უკვე ამოსული და ტექნიკაა საჭირო. ამასწინათ გველი მოვკალით. გზებზე მოძვრებიან უკვე არხებიდან,იქ ისეთი მდგომარეობაა. აუტანელია უკვე ეს ყველაფერი. გაწვიმების შემთხვევაში, არხიდან მომდინარე წყალი პირდაპირ კორპუსების პირველ სართულზე შემოდის და იტბორება ყველაფერი. სახლშიც რამდენჯერ შემოსულა. მოვიდეს ვინმე და დაასუფთაოს აქაურობა. ვიღაც ხომ იქნება აუცილებლად ამაზე პასუხიმგებელი? გარდა ამისა, აგერ ჩემი სახლის უკან, არ ვიცი ვისია ეს ნაკვეთი, უპატრონოდაა მიტოვებული და ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული. ტურებით გაივსო აქაურობა და ქათმებსავ აღარ გვიჩერებს. იქნებ მოგვხედოს ვინმემ. მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას მაგრამ არაფერი“ _ ამბობენ ქუჩის მცხოვრებნი.

აღნიშნული საკითხზე ყურადღება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 14 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე , საკრებულოს წევრმა დარეჯან ბურჭულაძემ გაამახვილა.

,,ორი სესიაა ჩემი კოლეგისგან გია გოგუაძისგან მესმის, რომ დაიტბორება ქალაქი თუ არ გაიწმინდა სანიაღვრე არხი, გადავწყვიტე ჩემი თვალით მენახა ზენაიშვილის ქუჩაზე ( ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია) არხი, ფოტოებიც გადავუღე ისე, რომ მოსახლეობისათვის არ დამიძახია, მაგრამ როგორც კი დამინახეს ჟურნალისტი ვეგონე და თავისით გამოვიდნენ. მე იქ რაც მოვისმინე ჩვენი მისამართით, ეს სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. მოსახლეობას თავისი საცხოვრებლის წინ სანიაღვრე არხი გაწმენდილი აქვს, მაგრამ იქ რა მდგომარეობაც არის, იმას ისინი ნამდვილად ვერ მოერევიან. ძალიან ვთხოვ ვისაც ეხება ეს, ინფრასტრუქტურას თუ სხვას, მიაქციოს ყურადღება. იქ თავს იყრის ხუთი ქუჩის ჩამონადენი წყალი. ეს არხი პრაქტიკულად არ არსებობს, სურათები, რომელიც მე ამ არხს გადავუღე, მინდა გამგებელს მივაწოდო და იმედია ამაზე რეაგირება იქნება და მოსახლეობასაც აღარ ექნება ჩვენს მიმართ სამართლიანი საყვედურები“, – განმარტა ბურჭულაძემ.

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი გია გოგუაძე კი, საკრებულოს სხდომებზე ქალაქის დატბორვის საშიშროებაზე ჯერ კიდევ ორი თვის წინ საუბრობდა, ,, 250 ოჯახი გვყავს ძალიან ცუდ დღეში, მაშინ ვთქვი, მე თანახმა ვარ დავუჭირო მხარი ამ ბიუჯეტის ზრდას, თუ ჩვენ იმ 250 ოჯახსაც გავითვალისწინებთ. კონკრეტულად 4 ქუჩა დავასახელე, რომელზეც აგებულია ორაგვისღელის მიმდებარე და რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია. ხუთი წელია არ გაწმენდილა ეს არხები. პირადად შევხვდი მოსახლეობას, მათ ჰქონდათ განცხადებები შეტანილი ინფრასტრუქტურის სამსახურში, იქ უთხრეს უარი. ველაპარაკე ქალაქის დეპუტატს, გამგებლის წარმომადგენელს, რომელმაც აღიარა, რომ პრობლემა მისახედი იყო, მაგრამ… როცა ბიუჯეტში მატება მიდის მილიონზე მეტი ლარის, იქ შეიძლება გათვალისწინებული იქნას 50 ათასი ქალაქის კეთილმოწყობაზე. შესაძლებელია, ეს ქუჩები იქნას შესწავლილი და იქ ინერტული მასალის გამოყენებაც შეიძლება. ფაქტიურად, ორი საქმე გაკეთდება ერთდროულად. რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიას აქვს კიდევ სხვა პრობლემები”, – ამბობს გოგუაძე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჩხაიძე ამბობს, რომ საქმის კურშია და იცის ამ ქუჩების პრობლემატიკა, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს ამბობს.

“ეს რეგიონალური გავითარების ფონდიდან დასაფინანსებელი ნამდვილად არ არის. რადგან, ის გათვლილია ცოტა მაღალ თანხებზე. ეს სხვა ფონდიდან უნდა დაფინანსდეს

– ბატონო ლევან, მოსახლეობას სანიაღვრე არხების ამოწმენდა საკუთარი ძალებით უწევს, თუმცა დამეთანხმებით ალბათ ამის გაკეთება მათივე ძალებით შეუძლებელია

– მოსახლეობა ახლა რასაც წმენდს, ეგ მათი გასაკეთებელია, რადგან მათი სახლის წინ მდებარე პატარა სანიაღვრე არხი თავად უნდა ამოწმინდონ. ცოტა მოშორებით კი, მათი ამოსაწმენდი ნამდვილადა არ არის, ისინი საკუთარი ძალებით მართლაც ვერ შეძლებენ. ამას უკვე ტექნიკა სჭირდება. ეს ჩვენ, მუნიციპალიტეტმა უნდა გავაკეთოთ. ამ საკითხს გავიართ და ვნახავთ, რის გაკეთებას შევძლებთ. ახლა ჩვენ რკინიგზაც გვაფერხებს , რადგან ის არხი, რომელიც ამოვსებულია, რკინიგზის სადგურს ეკუთვნის და ჩვენ იქ მიახლოების უფლება არ გვაქვს. აქეთ მხარეს რომც გავწმინდოთ , მეორე მხარეს ისევ ამოივსება. მივმართეთ უკვე რკინიგზასაც, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერი მოგსვლია.კიდევ უნდა მივმართოთ, რომ მისი ტერიტორია გაწმინდოს და შემდეგ ვიმუშავებთ ჩვენც-გვითხრა ჩხაიძემ.

თეა იოსელიანი, გურია

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი