ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / ოჯახური სკანდალი ვეფხვის მიერ მოკლული ოთარ ცუხიშვილის ოჯახში: გარდაცვლილის მეუღლე მაზლს ქელეხის ფულის მითვისებაში ადანაშაულებს

ოჯახური სკანდალი ვეფხვის მიერ მოკლული ოთარ ცუხიშვილის ოჯახში: გარდაცვლილის მეუღლე მაზლს ქელეხის ფულის მითვისებაში ადანაშაულებს

17 ივნისს ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი, 43 წლის ოთარ ცუხიშვილის ცოლი მოკლულის ძმას, თამაზ ცუხიშვილს უჩივის. ხათუნა ელბაქიძე AMBEBI.GE-ს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მომხდარის დროს მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

მისი თქმით, გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები არ იყო ოთარ ცუხიშვილის მეუღლე, რომელიც იმ დროს თურქეთში იმყოფებოდა. ხათუნა ელბაქიძის თქმით, ოთარ ცუხიშვილის ცხედარი მისმა ძმამ ცოლის ნებართვის გარეშე გადაასვენა მარნეულის რაიონ სოფელ წერეთელში, მშობლების სახლში. ცუხიშვილის ცოლი თამაზ ცუხიშვილისგან იმ თანხების დაბრუნებას ითხოვს, რაც გამგეობამ და შესაბამისმა სამსახურებმა დაღუპულის ოჯახის დასახმარებლად გადარიცხა

ხათუნა ელბაქიძე (ოთარ ცუხიშვილის მეუღლე): ოთარს ეს ამბავი 17 ივნისს შეემთხვა, დამიმალეს, რომ ოთარი გარდაცვლილი იყო, ეს რომ შევიტყვე, იმ დროს უკვე თავის ძმას მიჰყავდა სახლში. დავურეკე, არ წაიყვანოთ, ოთარი მომიყვანეთ სახლში, სადაც 13 წლის მანძილზე ცხოვრობდა-თქო, მაგრამ არ დამთანხმდა, ამის გამო ავტობუსით წამოსვლის ნაცვლად თვითმფრინავით გადმოვფრინდი და მაინც ვერ ჩამოვუსწარი”, – ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ხათუნა ელბაქიძე.
მისი თქმით, ქმართან ერთად თბილისში, ორხევის დასახლებაში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო წლებში სამუშაოდ თურქეთში იყო წასული, სადაც ოთარ ცუხიშვილიც ჩადიოდა ხოლმე. როგორც გარდაცვლილის ცოლი ამბობს, დახმარებისთვის მიღებული თანხით თამაზ ცუხიშვილმა სახლში რემონტი გააკეთა.
“მე როგორც ვიცი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 7090 ლარი გადაურიცხა, მაგრამ ხარჯი მიზნობრივად არ დაიხარჯა. ქელეხის და გასვენების ხარჯებს არ ვგულისმხობ, საუბარი მაქვს ხელზე აღებულ თანხაზე. ყველაფერი თვითონ ძმამ დახარჯა, სახლში რემონტი გააკეთა. როგორც ვიცი, ოთარის სამსახურმა ოჯახის დასახმარებლად 3000 ლარი გადასცა. ამას გარდა, თვითონ ძმამ მითხრა, რომ რომელიღაცა დაზღვევის კომპანიიდან 1250 ლარი დაურიცხეს. მე მეზობლის ხელით მხოლოდ 620 ლარი გამომიგზავნა.

ჟურნალისტებმა არ იცოდნენ, მაგრამ თვითონ ხომ იცოდნენ, რომ ოთარს ოჯახი ჰყავდა, მეუღლე, რომელიც არასდროს მიატოვებდა და არც დავტოვებ. ვითხოვ, რომ რაც ოჯახის დასახმარებლად ხალხმა თანხა გაიღო, უკან დააბრუნოს”, – ამბობს ხათუნა ელბაქიძე.
მისივე თქმით, როგორც ოთარ ცუხიშვილის მეუღლესა და ოჯახის წევრს, თბილისის მერიამ დახმარების სახით 10 000 ლარი ჩაურიცხა.

ხათუნა ელბაქიძის ბრალდებას უარყოფს გარდაცვლილის ძმა თამაზ ცუხიშვილი. AMBEBI.GE მას სოფელ წერეთელში ესტუმრა, სადაც ის სახლი გვანახა, რომლიდანაც ოთარ ცუხიშვილი გაასვენეს და რომელიც ხათუნა ელბაქიძის თქმით, აღებული თანხით გაარემონტა.

გარდაცვლილის ძმის თქმით, დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით შპალერი საკუთარი ხელფასიდან მეზობელს გააკვრევინა, სახლს კი ფანჯრები არ აქვს და იატაკიც ჩამტვრეულია. მისივე თქმით, მარნეულის გამგეობის წარმომადგენელმა ხარჯთაღრიცხვა გააკეთა და ზუსტად ის თანხა გადაურიცხეს, რაც დაკრძალვისთვის იყო საჭირო.

“არაფერი არამიზნობრივად არ დამიხარჯავს, ვისაც აინტერესებს, სახლში მობრძანდეს და დეტალურად გავარკვევ ყველაფერში. გამგეობამ რა თანხაც გადმორიცხა, 7090 ლარი, ის წაიღო რესტორანმა, სადაც ქელეხი გაკეთდა, სხვა არაფერი გადმოურიცხავთ.

მე რომ ფულის შეჭმა და ფულის აღება მდომოდა, მიცვალებულზე მოტანილ შესაწირს ავიღებდი. ხალხი მეკითხებოდა, რატომ არ აიღეო, ჩემს ძმას ფულში არ ვცვლი, რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას? თავად ნახეთ რა რემონტიც გავაკეთე, შპალერი ჩემი ხელფასიდან გავაკარი”, – ამბობს თამაზ ცუხიშვილი.

მისივე თქმით, ოთარ ცუხიშვილის თანამშრომლებმა სამსახურიდან მიუტანეს 3000 ლარი, რომელსაც დაკრძალვისთვის გამოიყენებდა.
“ბოლოს ჩემმა ძმამ ერთი კვირით ადრე დამირეკა, მითხრა სერიოზული საქმე მაქვს შენთან, სახლი უნდა გავყიდო და უკრაინაში მივდივარო. რა გინდა მეთქი უკრაინაში და სხვა ცოლი უნდა მოვიყვანოო. აქ იმიტომ გადმოვასვენე, რომ ის ქალბატონი თურქეთში იყო და სამი დღე უპატრონოდ მიმეტოვებინა ჩემი ძმა? რაც შეეხება რემონტს, ნახეთ როგორი რემონტი მაქვს, ამას რემონტი ჰქვია? სახლს ფანჯარა არ აქვს, იატაკი გასვენების დღეს ჩატყდა”, – ამბობს თამაზ ცუხიშვილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ დაკრძალვისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა გაკეთდა და თამაზ ცუხიშვილს ზუსტად იმდენი გადაურიცხეს, რამდენიც დაკრძალვისთვის იყო საჭირო. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმას ზედმეტი თანხა არ აუღია.

“მოქალაქე ოთარ ცუხიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამგეობამ თავის თავზე აიღო ოჯახის დახმარების ვალდებულება. სოფელ წერეთელში გამგებლის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მოხსენება არსებობს, სადაც აღნიშნულია გარდაცვლილი მოქალაქის სახელი, გვარი და ამის საფუძველზე ყველაფერია შეფასებული.

თითო თეთრია გაწერილი, სად რა იყო საჭირო, ჯამში გადაერიცხა 7090 ლარი, რომელიც საჭირო იყო დაკრძალვის სუფრისთვის. უნაღდო ანგარიშსწორება მოხდა 19 ივნისს თამაზ სუხიშვილის ანგარიშზე”, – ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი.

თაკო ესებუა
AMBEBI.GE

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი