ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ხელოვნება / თეატრი / პანტომიმის თეატრი – უსიტყვო საუბარი მაყურებელთან

პანტომიმის თეატრი – უსიტყვო საუბარი მაყურებელთან

პანტომიმა ხელოვნების ისეთი სახეობაა, სადაც სიტყვა გამორიცხულია და მსახიობი ადამიანთა ცხოვრებაზე მხოლოდ მოძრაობის საშუალებით მოგვითხრობს. პანტომიმა მიჩნეულია თეატრის განვითარების საწყისად. ეს ხელოვნება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა ყველა ერის თეატრალური კულტურის განვითარებაში. პანტომიმის ჟანრები მრავალფეროვანია: იგი კომედიიდან გადაიზარდა ტრაგედიაში, ტრაგედიიდან – ბუფონადაში. ასეთი სირთულე მსახიობისგან მოითხოვს იმპროვიზაციის უნარს. იმპროვიზაცია უდიდეს როლს თამაშობს პანტომიმის ხელოვნებაში. პანტომიმას თავისი არსებობის მანძილზე არ ჰყოლია ცნობილი, პროფესიონალი დრამატურგები. სიტყვის უქონლობის გამო მან უფრო მეტად ხალხში და ხალხურ დღესასწაულებში მოიკიდა ფეხი. ქართული თეატრის განვითარებაში მრავალწლიანი ისტორია აქვს ისეთ ორიგინალურ ჟანრს, როგორიცაა პანტომიმის ხელოვნება. 1961 წელს საქართველო სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შეიქმნა პანტომიმის ჯგუფი ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. 1965 წელს მოხდა ორი მნიშვნელოვანი ფაქტი: 13 მაისს შედგა პირველი სპექტაკლის „ესეც ასე“ პრემიერა და ამირან შალიკაშვილი შეხვდა მსოფლიოში სახელგანთქმულ ფრანგ პანტომიმის ოსტატს მარსელ მარსოს. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა პანტომიმის თეატრის მნიშვნელოვანი სპექტაკლები: „ოცნება და სინამდვილე“, „პოემა ვაზზე“, „ქალის გატაცება ძველ საქართველოში“, „ტურფა“, „ქუჩის სურათები“, „უმუშევრების ბედი“, „ქალის ცხოვრება“, „მტრედები“„ელექტრა“ და სხვა. 1971-1975 წლებში თეატრი იმყოფებოდა გასტროლებზე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში (115 ქალაქი). მოიარა თურქეთი, გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი, მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი, სირია. საგასტროლო მოგზაურობიდან დაბრუნებულმა თეატრმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო მარსელ მარსოსგან, ეს იყო 1973 წელს მოსკოვში საგასტროლო მოგზაურობის დროს. „ასეთი ნაციონალური, პროფესიულად სრულყოფილი და ნიჭიერი კოლექტივი ჯერ არსად შემხვედრია. მიუხედავად თეატრის არსებობის ხანმოკლე ვადისა, დასმა უკვე შეიმუშავა საკუთარი ხელწერა და მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში თეატრი დაიკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს ევროპის პანტომიმის თეატრებს შორის“, განაცხადა მარსელ მარსომ. 1976 წლის პირველ იანვარს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული პანტომიმის თეატრი გადაკეთდა საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრად… ეს იყო პირველი პანტომიმის სახელმწიფო თეატრი საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეში. 1978 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ამირან შალიკაშვილის წინადადებით გაიხსნა პანტომიმის მსახიობთა ფაკულტეტი. ფაკულტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა ამირან შალიკაშვილი. თეატრის დღევანდელი წარმატების თვალსაწიერიდან თუ გადმოვხედავთ მის მიერ განვლილ გზას, დავინახავთ, რომ ეს არის საკუთარი თემისა და გამომსახველობითი საშუალებების ძიების გზა, რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ თეატრმა უარყო ამ ჟანრის კლასიკური მემკვიდრეობა, პირიქით, გაიზარდა და შეისისხლხორცა მსოფლიოს პანტომიმის ხელოვნების ფასეულობა. ასეთმა შეფასებამ და მხარდაჭერამ გარკვეულწილად განსაზღვრა თეატრის სამომავლო რეპერტუარი, სადაც გაჩნდა ისეთი სპექტაკლები, როგორიცაა „ფიროსმანი – მეფე“, მოგვიანებით კი –„კრიმანჭული“ და „სტუმარ-მასპინძელი“. თეატრი განაგრძობს თავის შემოქმედებას. იდგმება ახალი სპექტაკლები. თეატრის მთავარი მიზანია ქართული ნაციონალური პლასტიკის აღორძინება, მისი დამკვიდრება და გატანა მსოფლიო არენაზე. „ადრე ჩვენზე წერდნენ, რომ ეს არის პლასტიკის რაინდების თეატრი“. ამ ტიტულს თეატრი ღირსეულად ატარებს.

წყარო : pantomime.ge

 

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი