ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / რას ნანობდა კოტე თოლორდავა – „ისე მრცხვენოდა, ქურთუკის სახელოთი ვმალავდი ბორკილებს“

რას ნანობდა კოტე თოლორდავა – „ისე მრცხვენოდა, ქურთუკის სახელოთი ვმალავდი ბორკილებს“

წინა კვირას კოტე თოლორდავას სახელი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა „მოზარდმაყურებელთა თეატრში“ პრესკონფერენცია მოიწვია, რომელზეც ექიმის დასკვნა გააცნო ჟურნალისტებს. დასკვნაში, რომელიც რუსეთიდან გამოაგზავნეს, წერია, რომ კოტე გულის ინფარქტით გარდაიცვალა და რომ არანაირი ნარკოტიკული საშუალება მის სისხლში არ იქნა აღმოჩენილი.

განო მელითაური:
– დიდი იმედი მაქვს, რომ ამით ეს თემა დაიხურება და ბოლო მოეღება იმ სისულელეებს, რაც კოტეს გარდაცვალების დღიდან იწერება სხვადასხვა მედია საშუალებებში, სოციალურ ქსელში. კოტე იმსახურებს დარჩეს ისეთად, როგორიც იყო სინამდვილეში, როგორსაც თქვენ იცნობდით. ის ყოველთვის გახსნილად საუბრობდა იმ პრობლემაზე, რომელიც მის ცხოვრებაში იყო და რომელიც ჩვენ ერთად დავძლიეთ. არაფერს გატყუებდათ. ის არ გაპარულა წამალში, ნარკოტიკები არაფერ შუაშია. ეს უნდა იცოდეს ყველამ, – თქვა პრესკონფერენციაზე მსახიობის მეუღლემ, განო მელითაურმა.

…მართლაც, კოტე ყოველთვის სიმართლეს ამბობდა, ამბობდა ყველგან, მეგობრებთან, ახლობლებთან, უბრალო ნაცნობებთან, ჟურნალისტებთანაც კი. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩემი პირველი ინტერვიუ კოტესთან. მახსოვს, პირველი შთაბეჭდილება მასზე, როგორც რესპონდენტზე, გულწრფელი? არა, ზედმეტად გულწრფელი. ეს ინტერვიუ ჟურნალ „რეიტინგში“ გამოქვეყნდა. როცა კოტეზე, როგორც წამალდამოკიდებულზე საუბრობენ, მისი სიტყვები მახსენდება. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან.

„ -კოტე, ძალიან რთული პერიოდი იყო, ნარკოტიკი, იარაღი, ცდუნების წინაშე არ მდგარხარ?
– ეს ყველაფერი გამოვიარე. ნარკოტიკიც არ ყოფილა უცხო ჩემთვის, ოღონდ ისე არ გამიგოთ, რომ ეს მეამაყება. ძალიან ჩამოუყალიბებელი ტიპი ვიყავი. ძალიან დამეხმარა განიკო, ჩემი მეუღლე, მან წუმპიდან ამომიყვანა. მანამდე ამის მცდელობა დედაჩემს ჰქონდა. დედაჩემს უნდოდა ბიზნესმენი ვყოფილიყავი და ცუდი ბიჭი რომ გავხდი, დედა მიხვდა, აქ ჩემი გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ქუჩას გამარიდა. გერმანიაში გადავედით საცხოვრებლად. ბოლო ორი წელი იქაურ სკოლაში ვიარე. თუკი რამე უბედურება ხდებოდა ჩემს თავს, ყველაფერი მაშინ, როცა მამა თბილისში არ იყო. ვიღაცებს ვესროლეთ და დაგვიჭირეს.
– რატომ ესროლეთ?
– სულელები ვიყავით. კი არ გავარტყით, უბრალოდ, ვესროლეთ, ვიბლატავეთ. გარტყმაც გვინდოდა იდეაში, მაგრამ ვერ გავარტყით. ბევრნი იყვნენ ისინი, ჩვენ ორნი. მოკლედ, გამარიდა დედამ აქაურობას.
– ამან გაამართლა?
– გაამართლა. სულ სხვა სამყარო დავინახე, კომპლექსებისგან გავთავისუფლდი. მივხვდი, რას ნიშნავს ადამიანის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. ენა ვისწავლე, კალათბურთსაც ვთამაშობდი საარბრუკენში, გუნდში ვიყავი. რომ მოვდიოდი და მაცილებდნენ თანაგუნდელები, „ლიგის საუკეთესო უცხოელი“ დამაწერეს მაისურზე. ჩამოვედი თუ არა… „ბირჟაზე“ გავედი. დამადგა „კამანდა“, ისე მცემეს… სანამ მე გერმანიაში ვიყავი, ჩემს ძმაკაცებს რაღაცები ჩაუდენიათ აქ. გამოვიდნენ ტიპები და დავხვდი მე. ჩემს ძმაკაცებს აგინებდნენ და ჩუმად ხომ არ ვიდგებოდით?! მცემეს. დიდებული დახვედრა იყო… იდეაში ეკონომიკურზე უნდა ჩამებარებინა და ისევ გერმანიაში დავბრუნებულიყავი, იქ უნდა გამეგრძელებინა სწავლა. მერე ჩემს მეგობარს გავყევი თეატრალურში. იქ მითხრეს, აბა, გამოდი, რამე გააკეთეო. ბევრი ვიმაიმუნე. რა ნიჭიერია ეს ბიჭიო, თქვეს. ეს „რა ნიჭიერია“ ჩამრჩა, ორ კვირაში გამოცდები იწყებოდა თეატრალურში და ჩავაბარე.
… დიდი სიყვარული შემიძლია. ადრე სწრაფად მიყვარდებოდა, ზოგჯერ რამდენიმეც მიყვარდა ერთად (იღიმება). ცალმხრივადაც ვყოფილვარ შეყვარებული, მაგრამ ოცი წელი, როგორც დიტოს კატო უყვარს, არა. საერთოდ, იოლად ვამბობდი სიტყვას „მიყვარხარ“. პირველად რომ დავქორწინდი, მაშინაც იოლად ვთქვი ეს სიტყვა (კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო – ავტ.). ორი თუ სამი წელი ვიყავით ერთად. მე 20 წლის ვიყავი, მარიამი 19-ის, ბავშვები ვიყავით. ვერ გავუგეთ და დავიშალეთ, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. მერე ისევ დავიწყე ხულიგნობა. ვიბოდიალე აქეთ-იქით, სამი თვე დაჭერილიც ვიყავი.
– რა დააშავე?
– პრემიერამდე სამი დღით ადრე სამეფო უბნის თეატრში ჩემმა დეგენერატმა რეჟისორმა რაღაც მომიტანა. თურმე მოჰყვებოდნენ უკან. აქეთ-იქიდან გვეცნენ უცბად და ოპ, წაგვიყვანეს. სამი თვე ვიჯექი „კამერაში“, მაშინ ქურდებიც ისხდნენ ციხეში – ძალიან სერიოზული გამოცდილება გამოდგა ეს სამი თვე ჩემთვის. უბედური ხარ, მაგრამ ურთიერთობებს სწავლობ. იქ ისხდნენ ტიპები მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის. გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი, შიგნით სხვა ამბები ხდება.
– პრემიერა?..
– სხვამ ითამაშა. საპროცესო გარიგებით გამოვედით მეც და ჩემი რეჟისორიც. იცით, რას გადავრჩი? ჩემი გამოსვლიდან მეორე დღეს ბუნტი ატყდა ციხეში. იმ საკანში, სადაც მე ვიყავი, ავტომატი შეყვეს და ჩემ გვერდით „შპონკაზე“ ტიპი მოკლეს.
– გახმაურებულ ახალაიას დროინდელ ბუნტზე გვიყვები?
– ჰო, სწორედ მაგ ბუნტზე, 2004 წელს. გამოსვლის წინა დღეს სასამართლოზე რომ გავყავდით, გვჩხრეკდნენ, ჯიბეებში მქონდა ხელები. ჯიბეში რა გიდევსო, მკითხეს, არაფერი-მეთქი. ამოიღეო, როგორ უნდა ამოვიღო, თუ ხელი არ ამოვყავი ჯიბიდან-მეთქი. შენ რა, „ბლატნოი“ ხარო, არა, მსახიობი ვარ-მეთქი. დამიწყეს ცემა. ჩემი რეჟისორი ყვიროდა სახეში არ დაარტყათ, მსახიობიაო, და პირიქით, უფრო მაგრად მირტყეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დამჭირდა… წლების შემდეგ ტელეკომპანია „მზეში“ ვნახე განო. ძალიან საყვარელი იყო, ლამაზი. მანამდე წითელთმიან, ჭორფლიან გოგოზე ვოცნებობდი. ეგრევე შემიყვარდა. ფილმს ვახმოვანებდით ერთად. ეტყობა, მასაც გაუჩნდა რაღაც გრძნობა. იმიტომ, რომ პირველივე დღეს ხელი რომ ჩავკიდეთ ერთმანეთს, ხელჩაკიდებულები ვახმოვანებდით. ვერც მივხვდით, როდის ჩავკიდეთ ხელი. მას მერე სულ ასე ხელჩაკიდებულები დავდიოდით. მეგობრები რომ მხვდებოდნენ, არ ვიცოდი როგორ გამეცნო, მარტო სახელს ვეუბნებოდი. მერე, როგორც იქნა, გავბედე და ვუთხარი, რომ მიყვარდა. თავის დაბადების დღეზე ამწეთი მივადექი მის აივანს, ცოლად უნდა მოგიყვანო-მეთქი. გადმოვიყვანე აივნიდან განო, მეჯვარეები წავიყვანე და წავედით კონკაზე. მას მერე უკვე ექვსი წელია ერთად ვართ. ორი შვილი გვყავს, 4 წლის ტასო და 1 წლის თარაში“.
რაზე გწყდება გული, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში-მეთქი, ბოლოს ვკითხე. ვნანობ, რომ გავიკეთე ნემსი. ვნანობ, მშობლებს რომ ვაბრაზებდი. არასდროს დამავიწყდება მამაჩემისა და დედაჩემის სახე, ბორკილები რომ დაგვადეს მე და ჩემს რეჟისორს. ისე მრცხვენოდა, ქურთუკის სახელოთი ვმალავდი ბორკილებს. ასეთ მომავალს არ მიმზადებდნენ ჩემი მშობლები და მრცხვენოდა, რომ ისინი გავაწბილეო, – მიპასუხა.
აი ასეთი იყო კოტე, გულწრფელი, მართალი, სამართლიანი.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმ ტაიმი“

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი