ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / რატომ გახსნეს 500 წლის შემდეგ მაცხოვრის საფლავი და სად ხდება დიდ შაბათს, აღდგომის ტაძრის გარდა, ღვთაებრივი სინათლის გარდამოსვლა

რატომ გახსნეს 500 წლის შემდეგ მაცხოვრის საფლავი და სად ხდება დიდ შაბათს, აღდგომის ტაძრის გარდა, ღვთაებრივი სინათლის გარდამოსვლა

30 ოქტომბერს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში „ქართველთა კუთხე” შეიქმნა და მომლოცველებს ნებისმიერი ქვეყნიდან, ივერიის ღვთისმშობლის ხატის „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებლის” ულამაზესი ასლი შეეგებებათ. სასწაულმოქმედი და საკვირველმოქმედი ხატის „დედოფლის” მცველებმა, ზურაბ შიოშვილმა და გიორგი ჭოლოკავამ ხატის პირველი ასლი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კლავდიოსის კურთხევითა და თხოვნით შექმნეს, რომელიც 30 ოქტომბერს ქართველთა უძველეს სავანეში დიდებით შებრძანდა და შოთა რუსთაველის ფრესკის მოპირდაპირე მხარეს, სამუდამოდ დაბრძანდა. ჯვრის მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის შებრძანებას ხილული სასწაულიც მოჰყვა, რომელიც ვიდეოფირზეა აღბეჭდილი და ისტორიას სამუდამოდ შემორჩება.
გიორგი ჭოლოკავა: შარშან, როდესაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ვიმყოფებოდით, მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კლავდიოსის კურთხევა და თხოვნა იყო, რომ შექმნილიყო „დედოფლის” პირველი ასლი, რომელიც ჯვრის მონასტერში დაბრძანდებოდა და შეიქმნებოდა „ქართველთა მოსალოცი კუთხე”. ამის მერე დაიწყო საკმაოდ რთული პროცესი, რთული გზა, რომელიც ხატის ასლმაც და ჩვენც ერთად გამოვიარეთ.
ზურაბ შიოშვილი: როდესაც ასეთ მოვლენასთან გაქვს საქმე, რა თქმა უნდა, ბრძოლებიც ბევრია. სამწუხაროდ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში არც სახელმწიფო სტრუქტურები დაგვხმარებიან, არც ბიზნესმენები, არც საპატრიარქო, რომელმაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაბრძანების საკითხი კერძო ინიციატივად ჩათვალა და ეს ტელევიზიითაც ითქვა. გვერდში დაგვიდგნენ მეგობრები, მომლოცველები, უბრალო ხალხი, რათა დაწერილიყო ხატი და ის დიდებით ჩაბრძანებულიყო იერუსალიმში. თუმცა, მათი გვერდში დგომა ამით არ დასრულებულა. მათი დახმარებით, იერუსალიმში ჩავაბრძანეთ ძვირფასი საეკლესიო ძღვენი, ოქროს ძაფებითი ნაქარგი დაფარნები, რომელიც მაცხოვრის საფლავს, ღვთისმშობლის საფლავს და ჯვრის მონასტერს შევწირეთ. ასევე, მაცხოვრის საფლავს შევწირეთ საფლავზე ჩამოსაფარებელი, წარწერით: „ქრისტე აღსდგა”.
გიორგი: საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ქართველები წმიდა მიწაზე ყოველთვის ვიყავით ძვირფასი შემწირველები, მაშენებლები ეკლესია-მონასტრებისა და აღმდგენლები მაცხოვრის აღდგომის ტაძრის. შესაბამისად, ამით ჩვენ მათ არა მხოლოდ შევახსენეთ თავი, არამედ  ვაჩვენეთ ისიც, რომ ქართველები კვლავაც მტკიცედ ვდგავართ ქრისტეს ეკლესიაში და კვლავ ღირსეულად ჩამოვალთ წმიდა მიწაზე.  იერუსალიმის საპატრიარქოშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა., სერიოზულ საკითხებზე წარიმართა მოლაპარაკება, ზოგიერთზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ. რადგან „დედოფალს” იერუსალიმში ბევრი მომლოცველი ჰყავს, მისმა უნეტარესობამ შემოგვთავაზა, რომ იერუსალიმის საპატრიარქოში გამოიყოს  ადგილი, სადაც დაბრძანდება „დედოფალი”, როცა ის წმიდა მიწაზე ჩაბრძანდება. საპატრიარქო კი დაუშვებს გამონაკლისს და მომლოცველებს ექნებათ საშუალება, მიბრძანდნენ და მოილოცონ „დედოფალი”.
– მახსოვს, იერუსალიმში გამგზავრებამდე, ვერ ახერხებდით საქართველოს პატრიარქთან შეხვედრას, რომ მას ეკურთხებინა „დედოფლის” ასლი და თქვენთვის გზა დაელოცა.
ზურაბი: ყველაზე რთული მაინც ხატის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში წაბრძანების საკითხი იყო. მთელი წლის განმავლობაში ბევრი დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი მოვლენა ხდებოდა. არასდროს დამავიწყდება და სულ ყურში მესმოდა უწმიდესის სიტყვები, როდესაც ის აგვისტოს ომზე საუბრობდა: წარმოგიდგენიათ, ომი იწყება და პატრიარქმა ეს არ იცისო. ახლაც იწერებოდა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი, ამის შესახებ იცოდა მისმა გარემოცვამ, მაგრამ არ იცოდა პატრიარქმა. როგორ შეიძლება, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს არ სცოდნოდა ეს საკითხი და არ ეკურთხებინა ხატი? ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემდით. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოდით მასთან შესახვედრად. ვალდებულად მივიჩნევდით თავს, რომ მისი უწმიდესობა ჩაგვეყენებინა საქმის კურსში. მანამდეც ჩვენი ყველა ნაბიჯი მისი კურთხევით ხდებოდა და არ შეიძლებოდა, ეს ნაბიჯი მისი კურთხევის გარეშე გადაგვედგა. დიდი სირთულეების შემდეგ, მაინც შევხვდით, მივაბრძანეთ „დედოფლის” ასლი, რომელიც აკურთხა და დაგვილოცა გზა.
– იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დღეს უკვე დაბრძანებულია „დედოფლის” ასლი, რომლის ქართველთა სავანეში შებრძანებას ხილული სასწაულიც ახლდა.
გიორგი: როდესაც ხატი ჯვრის მონასტრის კართან დავაბრძანეთ, სამი მტრედი მოფრინდა ხატთან ახლოს და უღუღუნებდნენ ივერიის ღვთისმშობელს. შემდეგ შევაბრძანეთ ეკლესიის შიგნით და ის დაბრძანდა შოთა რუსთაველის ფრესკის მოპირდაპირე მხარეს. როდესაც ყველანი ერთად ხატის კანდელს ვანთებდით, უეცრად საოცარი ხმა გაისმა, ძლიერი, მჭექარე – თითქოს ტაძრის გუმბათიდან შუა ტაძარში უზარმაზარი ლითონის საგანი დაეცა. იღუმენი კლავდიოსი საკურთხევლისკენ გაიქცა, ჩვენც გავყევით. ტაძარი დავათვალიერეთ, მაგრამ ყველაფერი ადგილზე იყო.  არქიმანდრიტმა კლავდიოსმა ბრძანა, ეს გააკეთა „დედოფალმა”, ეს იყო ივერიის ღვთისმშობლის ჯვრის მონასტერში შემობრძანების, ღვთისმშობლის აქ ყოფნის სასწაულებრივი ნიშანიო! დღეს როდესაც ჯვრის მონასტერში შედიხარ, პირველი, ვინც გეგებება, ეს არის ივერიის ღვთისმშობელი, რომელიც ძალიან ლამაზი და განსაკუთრებულად თბილი, ცოცხალია – სულ სხვა სული შთაჰბერა მონასტრის კედლებს. მეორე სასწაული, რომელიც ჯვრის მონასტერში მოხდა, ის არის, რომ გვერდით საეკლესიო მაღაზიაა, სადაც არაბი მუსლიმანები მუშაობენ. ისინი იმდენად გახარებულები იყვნენ ივერიის ღვთისმშობლის გამოჩენით, იმხელა სიყვარული იფრქვევოდა „დეოდოფლის” დაბრძანებით ჯვრის მონასტერში, რომ ეს მადლი მათაც იგრძნეს. დამშვიდობებისას ცრემლი მოერიათ და ასეთი რამ გვითხრეს: არაფერზე ინერვიულოთ, ყოველ დილას შევალთ ტაძარში და ჩვენ ვიზრუნებთ ღვთისმშობელზეო…
იღუმენი კლავდიოდის მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წარმოთქმული კურთხევაც, იყო ღვთისმშობლის მიერ წარმოთქმული კუთხევა, რადგან 16 წელია, ის ჯვრის მონასტერში მსახურებს და მხოლოდ ხატი „დედოფლის” ჩაბრძანების შემდეგ მოხდა ეს დიდი სასწაული. უბრალოდ, ერთი რამ არის ხაზგასასმელი, როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიბრძანდებოდა ჯვრის მონასტერში, მას ერთი ქართველი სასულიერო პირი მაინც უნდა გასძღოლოდა წინ, რომელიც მას და მის გზას საკმეველს უკმევდა.
– რატომ არ მიიღო საპატრიარქომ ამ ყველაფერში მონაწილეობა?
ზურაბი: ჩვენთვის ცალსახა და ცნობილია პატრიარქის დამოკიდებულება – „დედოფალთან” დაკავშირებით ყველაფერი მისი კურთხევით ხდება. მაგრამ, როდესაც სასულიერო პირები, ან საპატრიარქოში მომუშავე ადამიანები მისი კურთხევის წინააღმდეგ მიდიან, აქ, ვფიქრობ, სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ ხატი სამების ტაძარში დაბრძანებულიყო და მოელოცა ხალხს. ერთ დღესაც, როცა „დედოფალი” პატრიარქის კურთხევით მივაბრძანეთ სამებაში, რათა დაგვებრძანებინა და ხალხს მოელოცა, მოგვიწია მისი უკან წამობრძანება. იქ დაბრძანებაზე უარი გვითხრეს, რის გამოც სამების ეზოში საათზე მეტხანს გავჩერდით, რათა ხალხს მოელოცა. არც გასულა რამდენიმე ხანი და სამების ტაძარს გაუჩნდა ცეცხლი.
– თქვენ ამ ორ მოვლენას ერთმანეთს უკავშირებთ?
– მე არაფერს ვუკავშირებ და არც არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, როგორც საეკლესიო წიგნებში ვკითხულობთ: როცა სადმე უკეთურება მოხდებოდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გადაწვავდა ხოლმე იმ მონასტერს. ამით სავსეა თუნდაც  ათონური ისტორიები.
– თქვენი იერუსალიმში ყოფნისას გაიხსნა მაცხოვრის საფლავი და უნიკალური ფოტოს გადაღებაც კი მოახერხეთ.
– რამდენიმე დღე  თვალს ვადევნებდით აღდგომის ტაძარში მიმდინარე პროცესებს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი იყო და არ ჰქონია ისეთი რეზონანსი, როგორიც უნდა ჰქონოდა. მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ არ გახსნილა ქრისტეს საფლავი, თუმცა მანამდეც, როდის მოხდა საფლავის გახსნა, არავინ იცის. ფაქტია, ხუთას წელზე მეტია, საფლავს არავინ შეხებია. როგორც ოფიციალური წყაროები იუწყება, კუვუკლიის რესტავრაციას აფინანსებს იორდანიის მეფე. რესტავრაცია უნდა შეხებოდა კუვუკლიის გარეთა ქვებს და არა უფლის საფლავს. მაცხოვრის საფლავს არც არაფერი ჰქონდა სარესტავრაციო, მაგრამ 25 ოქტომბერს, იერუსალიმს მიადგა უზარმაზარი საექსპედიციო ჯგუფი. მიმდინარე მოვლენები მორწმუნეებში კითხვის ნიშნებს ბადებს. ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო ჟამს სამჯერ ზედიზედ აღარ გარდამოვა ღვთაებრივი ცეცხლი და დღეს ბევრი თეოლოგი, მორწმუნე ადამიანი სხვადასხვა უცხოურ ფორუმზე წერს: ჩვენ ჩავიდინეთ ისეთი ფაქტი, რის გამოც შეიძლება, წელს ცეცხლი აღარ გადმოვიდესო. მაგრამ, ამაში დავრწმუნდებით გაზაფხულზე, როდესაც აღდგომას ვიზეიმებთ… აქვე მინდა, ერთი ძალიან საინტერესო ამბავი გიამბოთ. დიდ შაბათს გარდამოსვლა ხდება არა წმიდა ცეცხლის, არამე იმ წმიდა სინათლის, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა ქრისტე. შემდეგ იმ სინათლიდან ინთება ცეცხლი. 2008 წელს დაკვირვებას აწარმოებდნენ ფიზიკოსები, მეცნიერები და მათ გამოიკვლიეს, რომ წმიდა სინათლის გარდამოსვლა არ ხდება მხოლოდ მაცხოვრის საფლავზე. აღდგომის ტაძრის ახლოს მდებარე რამდენიმე ტაძარშიც დაფიქსირდა ასეთი რამ: ფანჯრიდან შემოვიდა წმიდა სინათლე, რომელმაც ჰაერში ისარივით გაიელვა, ხმაც კი ჰქონდა. მომლოცველებიც ძლივს გაეცალნენ ლაზერივით მომავალ სინათლეს, რომელმაც ცეცხლი აანთო ღვთისმშობლის ჩამქრალ კანდელზე. ასეთი ფაქტი დადასტურდა რამდენიმე ტაძარში. ანუ, ცეცხლი გარდამოდის არა მხოლოდ მაცხოვრის საფლავზე, არამედ იქ, სადაც არიან მორწმუნეები, სადაც უფლის სიყვარულია.
გიორგი: ამ ეტაპზე კუვუკლიას ჭერი აქვს ახდილი, კანდელებიც აღარ კიდია, არც ბაირაღები, მხოლოდ სანთელი ანთია, რომელიც ჩაუქრობლად უნდა ენთოს. მაცხოვრის საფლავი მალევე დახურეს, ქვა ისევ დააბრუნეს თავის ადგილას. როგორც ამბობენ, არსებობს ფოტო, სადაც დაფიქსირებულია, რომ ზედა ფილის ქვეშ იყო ჯვაროსნების დადებული ფილა, ხოლო მის ქვეშ, კლდის ის მონაკვეთი, რომელზეც მაცხოვარი იწვა. ჩვენ მოვახერხეთ გადაგვეღო ექსკლუზიური ფოტო, სადაც კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს მაცხოვრის საფლავი, კუვუკლია შიგნიდან.
ზურაბი: დღეს წმიდა მიწაზე ბევრი ეკლესია დაკეტილია, აღარ ფუნქციონირებს. გოდების კედელთან ახლოს კი, არის წმიდა გიორგის მონასტერი, სადაც მხოლოდ მოხუცი იღუმენიაა დარჩენილი. მან იცოდა „დედოფლის” შესახებ და გვთხოვდა, მასთან მიგვებრძანებინა ხატი. იღუმენიას ეცხადება ხილულად ეშმაკი, რომელიც საშინელ განსაცდელებში აგდებს და ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ის ეუბნება: დატოვე მონასტერი და სამუდამოდ დაგანებებ თავსო, რადგან ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ მონასტერში დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მას უჭირს ამ ყველაფრის გაძლება, არ ტოვებს მონასტერს. ხალხს სხთხოვს, მოვიდნენ ეკლესიაში, ილოცონ, რათა მათმა ლოცვამ დააბრუნოს მადლი. როდესაც მასთან მივაბრძანეთ „დედოფალი,” ეს მისთვის დიდი სიხარული, ბედნიერება და შვება იყო. ჩვენ მას დავუტოვეთ „დედოფლის” ფოტოასლი, რომელიც მონასტრის შესასვლელის კარის პირდაპირ დააბრძანა, რათა ამ მონასტრის პორტაიტისა, მეკარე იყოს ივერიის ღვთისმშობელი – ის დაიცავს მონასტერს და იმედი მაქვს შიგნით დიდ სიყვარულსა და მადლს დაატრიალებს.

 

წყარო :tbiliselebi.ge

Check Also

1453368206723433

გურიაში შუახნის ქალბატონი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში, 60 წლამდე ქალბატონი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სოფელ ჭყონაგორას ტერიტორიული ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი