ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ეს საინტერესოა / რა მოხდა ჩერნობილში და რატომ მოიკლა თავი აკადემიკოსმა ლეგასოვმა?!

რა მოხდა ჩერნობილში და რატომ მოიკლა თავი აკადემიკოსმა ლეგასოვმა?!

“მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყალთ წყაროებზე, ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა. წყლების ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.”
გამოცხადება, თავი 8

“ყურადღება, ყურადღება! პატივცემულო ამხანაგებო, სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭო გაცნობებთ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო ქალაქში იქმნება არასახარბიელო რადიაციული ფონი, პარტიული და საბჭოთა ორგანოები, აგრეთვე სამხედრო ნაწილები, ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, თუმცა ხალხის და განსაკუთრებით ბავშვების უსაფრთხოების დასაცავად საჭიროა მოსახლეობის დროებითი ევაკუაცია.
ამიტომ ყველა საცხოვრებელ კორპუსთან დღეს, 27 აპრილს, 14 საათზე, ჩამოდგებიან ავტობუსები მილიციის და ქალაქკომის წარმომადგენლებთან ერთად. სასურველია, თან იქონიოთ დოკუმენტები, მხოლოდ საჭირო ნივთები და საკვები, ევაკუაციის პერიოდში ყველა საცხოვრებელი სახლი დაცული იქნება მილიციის მიერ.
ამხანაგებო, სახლების დროებით დატოვებისას არ დაგავიწყდეთ, დაკეტოთ ფანჯრები. გამორთოთ ელექტრო და გაზის ხელსაწყოები და გადაკეტოთ ონკანი.
გთხოვთ დაიცვათ სიმშვიდე.”
ქ. პრიპიატის საინფორმაციო ცნობა (1986 წლის 27 აპრილი)

1986 წლის 25 აპრილს გადაწყდა, ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკი სარემონტოდ გაეჩერებინათ და ეს დრო რამდენიმე ცდის ჩასატარებლად გამოეყენებინათ.

26 აპრილს, ღამით, 1.23 საათზე დაიწყო ერთ-ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ენერგოკვების გამორთვის დროს რეაქტორის უსაფრთხოების გაზრდას ითვალისწინებდა. ამ დროს საგანგაშო სიგნალი არ იყო, რაც ნიშნავდა, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობდა. 40 წამის შემდეგ ოპერატორმა ხელი დააჭირა ავარიული დაცვის ღილაკს. არავინ იცის, რატომ მოიქცა ასე (შესაძლოა, ამ დროს სითბურმა ენერგიამ მატება დაიწყო და ოპერატორმა ეს ავტომატურად გააკეთა). რამდენიმე წამში რეაქტორში ენერგიის მატება უმაღლეს ნიშნულს ასცდა. გაისმა ორი აფეთქება რამდენიმეწამიანი ინტერვალით.

რეაქტორი დაინგრა. 2 კაცი მაშინვე დაიღუპა, მესამე – დილით. რეაქტორის შენობის სახურავზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც რამდენიმე საათში ჩააქრეს, მაგრამ რეაქტორი ორი კვირის მანძილზე განაგრძობდა დიდი რაოდენობით რადიაციული ნივთიერების ატმოსფეროში ამოფრქვევას. სამი დიდი ლაქა გაჩნდა ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთის დასავლეთ ოლქებში, რადიაციამ 30000 კვკმ მოიცვა. რეაქტორიდან ამოფრქვევის შესაჩერებლად და ბირთვული აფეთქების თავიდან ასაცილებლად რეაქტორს 5000 ტ სხვადასხვა მასალა დააყარეს, მიწის ქვეშ გვირაბიც გაიყვანეს, რათა რეაქტორის გაციება შესაძლებელი ყოფილიყო, იქ მყოფმა მეხანძრეებმა და სადგურის პერსონალმა (დაახლოებით 400 კაცი) ძლიერი დასხივება მიიღეს, მოგვიანებით 28 კაცი გარდაიცვალა.

“ჩემმა ქმარმა მითხრა, დახურე ფანჯარა და დაიძინე, სადგურში ხანძარია, უნდა წავიდეო. თვითონ აფეთება არ მინახავს. მხოლოდ ალს ვხედავდი. ცა გაკაშკაშებული იყო, უეცრად საშინლად ჩამოცხა”,
– იხსენებს ერთ-ერთი მეხანძრის მეუღლე ლუდმილა იგნატენკო.  – “დილის 7 საათზე გამაგებინეს, შენი ქმარი საავადმყოფოშიაო. გავიქეცი. საავადმყოფოში მილიციელები არავის უშვებდნენ და ყვიროდნენ, სასწრაფოს მანქანებს არ მიეკაროთო. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ნაცნობი ექიმი დავინახე. ვთხოვე, შემიყვანე-მეთქი. ჯერ შეყოყმანდა, მაგრამ მერე დამთანხმდა, ოღონდ 15 წუთითო.
ჩემი ქმრის დანახვაზე თავზარი დამეცა. დაწყლულებულ-დასივებულს თვალები თითქმის აღარ უჩანდა. 8 საათზე ერთი მეხანძრე დაიღუპა. მეორე მეხანძრე, ვალერი, ნანგრევებში დარჩა. არ ამოიყვანეს, ჩააბეტონეს…

დაზარალებულებს გული წარამარა ერეოდათ, ექიმები წვეთოვანს უდგამდნენ, ჩვენ კი გვამშვიდებდნენ, – გაზით მოიწამლნენო. რადიაციაზე კრინტს არავინ ძრავდა. ჩემს ქმარს სხეულზე წყლული გამოსდიოდა, მერე უცებ მრავლდებოდა… მეორე დღეს გაგვაფრთხილეს, – არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ წინ საყვარელი ადამიანი კი არა, რადიაქტიური ობიექტია, უმაღლესი ხარისხის დაბინძურებითო.”

როდესაც ხანძრის ჩასაქრობად ჩერნობილში მეხანძრეთა ბრიგადები წავიდნენ, მათ მხოლოდ პერანგები ეცვათ, სრულიად დაუცველნი იყვნენ. იმ დღეს არავის უთქვამს, – ფანჯრები დაკეტეთ ან რესპირატორები გაიკეთეთო.

ბავშვები ჩვეულებრივად ეზოში თამაშობდნენ, ხალხი საპირველმაისოდ ემზადებოდა და მთელი ქალაქი ქუჩაში იყო.
26 აპრილს, დილით ბირთვული ღრუბელი უკვე ქალაქს ადგა თავს. თუმცა ეს არავინ იცოდა. 27 აპრილს ქალაქში სამხედროები გამოჩნდნენ რესპირატორებით. რადიაციაზე კვლავ არავინ ლაპარაკობდა. დილით გამოაცხადეს, – შესაძლოა 3-5 დღით ქალაქის ევაკუაცია მოხდეს. მხოლოდ თბილი ტანსაცმელი წაიღეთ. ტყეში კარვებში იცხოვრებთო. ყველას უხაროდა 1-ელ მაისს ბუნებაში შევხვდებითო. სამწვადეს ამზადებდნენ, მაგნიტოფონები და გიტარები მოჰქონდათ. საღამოს 5 საათისთვის 1100-ავტობუსიანი კოლონა, რომელშიც ქალაქის 50000 მცხოვრები იჯდა, ტრასაზე 20 კმ-ზე გაიჭიმა.

ევაკუაცია დაგვიანებული გამოდგა. ორი დღის განმავლობაში ხალხმა მაქსიმალური რაოდენობის რადიაციული დასხივება მიიღო. სიკვდილიანობა მეორე წელს დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ათეულ ათასს მიაღწია…

29 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც ათი დღე გრძელდებოდა, სამხედრო ნაწილები მიიყვანეს (ძირითადად ახალწვეულები – 18- 19 წლის ბიჭები). მათ არ იცოდნენ, რა საფრთხის ქვეშ იდგნენ და რეაქტორის ნარჩენები შიშველი ხელებით გაჰქონდათ. ავარიის სპეციალისტი ლიკვიდატორები კი იხსენებდნენ, ელექტროსადგურში რადიაციის დონე ისეთი მაღალი იყო, რომ დღეში მხოლოდ 20-25 წამს ვმუშაობდითო!

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის გამომწვევ მიზეზებს სპეციალური კომისია სწავლობდა და “დაადგინა, რომ მეოთხე ენერგობლოკის აფეთქება პერსონალის არაკომპეტენტურობისა და რეაქტორის გაუმართავი მუშაობის გამო მოხდა, თუმცა იყო სხვა ვერსიებიც.

ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აკადემიკოსი ვალერი ლეგასოვი ხელმძღვანელობდა. 1988 წელს მან თავის სამუშაო კაბინეტში თავი ჩამოიხრჩო…

kvirispalitra.ge

Check Also

yd23jmq4s3q8qjlb62

ვამპირები – მითი თუ რეალობა?

რას წარმოადგენენ ისინი? ლეგენდები მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი