ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / კრიმინალი / როგორ მოკლა დედამთილმა რძალი ორი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ

როგორ მოკლა დედამთილმა რძალი ორი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ

63  წლის ელენე ჭ-ძე სასამართლომ რძლის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, რძლის მოკვლის ფაქტს ადასტურებდა, თუმცა როგორც გამოძიების პროცესში, ასევე სასამართლო პროცესზე, ის ამტკიცებდა, რომ 37 წლის რძალი თავად  დაესხა თავს და მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა.   საპირისპიროს ამტკიცებდა დაზარალებული მხარე – გარდაცვლილის  ქმარი  და მისი და, რომლებიც როგორც სასამართლოზე, ასევე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში აცხადებდნენ, რომ დედამთილი  ქორწინების  პირველი დღიდან ვერ იტანდა რძალს, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავდა. მის შვილთან კი, კიდევ  ორი შვილი გაუჩნდა.

რა გახდა 37 წლის ეკა მ-შვილის მკვლელობის მიზეზი და როგორ მოხდა მკველელობა გარდაცვლილის სახლში, ამის შესახებ  საქმის მასალების მიხედვით გახდა  ცნობილი. მკვლელობის დღეს, 63 წლის ელენე ჭ-ძე შვილის სახლში  დილით მივიდა. მას რძალთან რთული და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.  რძალ-დედამთილს შორის დაწყებული უსიამოვნო საუბარი, ჩხუბსა და ხელჩართულ  დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც გარდაცვლილი ქალის ორი მცირეწლოვანი  შვილი შეესწრო. დედამთილმა, ელენე ჭ-ძემ  დანით  ორი ჭრილობა მიაყენა ეკა მ-შვილს. მიყენებული დაზიანებებისგან ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.  გამოძიებას პირველი ჩვენება გარდაცვლილი ქალის მეზობელმა მისცა, რომელმაც განაცხადა, რომ კართან შეხვდა ელენე  ჭ-ძე და მას დაჭრილი რძლისთვის სასწრაფოს გამოძახება  სთხოვა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ახალგაზრდა  ცოლ-ქმარი ორი პატარა ბავშვით ჩემს მეზობლად რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა. საკმაოდ ჩაკეტილად ცხოვრობდნენ, მეზობლებთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. თუმცა, როცა ერთმანეთს სადარბაზოში ვხვდებოდით, ცოლიც და ქმარიც ზრდილობიანად მესალმებოდნენ. რა მოხდა იმ დღეს მათ ბინაში, ჩემთვის უცნობია. კიბეზე ამოვდიოდი, როდესაც სახლიდან ქალბატონი გამოვარდა, ანერვიულებული სახე ჰქონდა. სასწრაფოს დაუძახეთო, მითხრა და კიბეზე დაეშვა. სანამ სასწრაფოში დავრეკავდი, ბინაში შევედი. დავინახე, ორი პატარა ბავშვი, დაჭრილ, სისხლში ამოსვრილ  დედას დასტრიალებდა თავს. გოგონას თეთრი ზედატანი ეცვა და ზურგი მთლიანად სისხლით ჰქონდა დასვრილი. ქალი სამზარეულოში იწვა ძირს, იატაკზე. მე გამოვიძახე სასწრაფო და ადგილზე მოვიდა პოლიციაც.”
სამედიცინო ბრიგადამ ზურგში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლო. მას დაზიანებული ჰქონდა ფილტვი. იქვე, შემთხვევის ადგილზე, ეგდო დანაშაულის იარაღიც – დიდი ზომის დანა, რომელიც  გარდაცვლილის სისხლით იყო მოსვრილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.  სამართალდამცველებმა დააკავეს დანაშაულში  ეჭვმიტანილი დედამთილი, ელენე ჭ-ძე, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „ამ ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე, შვილმა და რძალმა, ჩემი ნებართვით გაყიდეს ჩემი კუთვნილი ბინა. ჩვენი მოლაპარაკების მიხედვით,  უნდა გვეყიდა ორი ბინა – ერთი ჩემთვის, მეორე შვილისა და რძლისთვის. მათ ჩემთან ერთად ცხოვრება არ უნდოდათ. იმ პერიოდში პირად საქმეებზე უცხოეთში მომიწია წასვლა. ამიტომ, ჩემთვის ცნობილი არ იყო, რომ  შვილმა და რძალმა ბინა შეიძინეს. მასში კი ის თანხაც ჩადეს, რომელიც ჩემი ბინისთვის იყო განკუთვნილი. თბილისში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ უსახლკაროდ დამტოვეს, რაზედაც ჩემს რძალთან დაპირისპირება და კონფლიქტი მომიხდა. მან შემომთვაზა, რომ ქირით მეცხოვრა დარჩენილი წლები, რის გამოც ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მან საერთოდ ამიკრძლა მის სახლში მისვლა. არ პასუხობდა ჩემს სატელეფონო ზარს და იგივეს მოითხოვდა ჩემი შვილისგანაც, რომელსაც მივხვდი, რომ ჩემთან ურთიერთობის ეშინოდა.“

ბრალდებული ქალის ჩვენების მიხედვით,  მკვლელობის დღეს, როდესაც ის რძლისა და შვილის ბინაში მივიდა, ეკა მ-შვილი მას სახლში არ უშვებდა, რის გამოც, ის ძალიან აღელდა. „კარი ცხვირწინ მომიკეტა, მაგრამ  გავუძალიანდი და მაინც შევაღე. სახლში მარტო იყო, ბავშვებთან ერთად. მაშინვე ჩხუბი დამიწყო, უშვერი სიტყვებით მლანძღავდა. მე ვუთხარი, რომ არ მივცემდი უფლებას, მის გამო  დამეკარგა ერთადერთი ვაჟი. ამის გამო ეკასგან საშინელი  სიტყვები მოვისმინე. მე მას ვუთხარი, რომ ვიცოდი, საყვარელი ჰყავდა და ამის შესახებ აუცილებლად ვეტყოდი ჩემს შვილს. ეს ამბავი ახალი გაგებული მქონდა და დეტალებს ვაზუსტებდი. როცა  ეს გავიგე, ისე განვიცადე,  გონება დავკარგე. აღარც სახლი მახსოვდა და არც არაფერი. იმ მამაკაცის ვინაობაც ვიცოდი – ჩემს შვილს ეახლობლებოდა. როცა ეკას ეს ბრალდება წავუყენე, ძალიან გაბრაზდა. მივხვდი, რომ ჩემი ინფორმაცია მართალი იყო – უცებ დანას წამოავლო ხელი,  ჩვენ ერთმანეთთან ვძიძგილაობდით. ვცდილობდი, მისთვის დანა წამერთმია, მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო – ძირს დამაგდო,  ზემოდან დამაწვა და  ყელის გამოჭრით მემუქრებოდა. მე მოვახერხე მისთვის  დანის წართმევა და ზურგში ორჯერ ჩავარტყი, რომ თავიდან მომეცილებინა.”

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები, მშობლები და ქმარი, ამტკიცებდნენ, რომ ეკა მ-შვილი ფიზიკურად სუსტი აღნაგობის იყო და უფრო ძლიერ დედამთილს, ძალით ვერ დაჯაბნიდა. გამოძიებამ ვერ შეძლო ვერანაირი ინფორმაციის მიღება მცირეწლოვანი ბავშვებისგან მომხდარის შესახებ, მათი შოკური მდგომარეობის გამო.    სასამართლო პროცესზე  რძლის მკვლელობაში  ბრალდებულ ქალს დაუპირისპირდა საკუთარი შვილიც. ვანო ჭ-ძის ჩვენების მიხედვით, დედა მის ცოლს ქორწინების პირველი დღიდან ვერ იტანდა და მუდმივად სთხოვდა, ის სახლიდან გაეგდო. რვა თვის ორსულზე მითხრა, გაშორდი და  სახლიდან გააგდეო, – განაცხადა გარდაცვლილი ქალის ქმარმა დედის შესახებ. მან ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია დედის განცხადება, რომ მის რძალს საყვარელი ჰყავდა და მკვლელის სასტიკად დასჯა მოითხოვა. სასამართლომ ელენე ჭ-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჟურნალი: “თბილისელები”

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი