ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ბრძნული აზრები / სანამ სიყვარული და ნდობაა…

სანამ სიყვარული და ნდობაა…

ველის პირას სიყვარული და განშორება იდგნენ და ახალგაზრდა წყვილის ჭვრეტით ტკბებოდნენ. განშორება ეუბნება სიყვარულს:
– დავნაძლევდეთ, დავაშორებ ერთმანეთს.
სიყვარული პასუხობს:
– დამაცადე, სულ ერთხელ მივალ მათთან, მერე კი შეგიძლია იმდენჯერ მიუახლოვდე, რამდენიც მოგინდება და ვნახოთ, შეძლებ თუ არა მათ დაშორებას.
განშორება დათანხმდა.
სიყვარული მიუახლოვდა ახალგაზრდა წყვილს, თვალებში ჩახედა და დაინახა, როგორ გაუკრთათ ნაპერწკალი…
გაეცალა მათ და განშორებას მიმართა: “ახლა შენი ჯერია”.
განშორებამ მიუგო:
– არა, ახლა ვერაფერს ვიზამ – მათი გულები ჯერ ისევ სიყვარულით არის სავსე. ცოტა მოგვიანებით მივალ.
გავიდა დრო. განშორებამ სახლში შეიჭყიტა და ახალგაზრდა დედა დაინახა ჩვილით, იქვე – მამა. იმედი ჰქონდა, რომ სიყვარული უკვე განელებული იქნებოდა და ამ იმედით მიადგა მათი სახლის ზღურბლს. მაგრამ თვალებში რომ ჩახედა, იქ მადლიერება დაინახა. მოტრიალდა და თქვა: `მოგვიანებით მოვალ~.
გავიდა დრო. განშორება ისევ მიადგა სახლს – შიგნით ბავშვები ხმაურობდნენ, სამსახურიდან დაღლილი ქმარი მოვიდა, დედა ბავშვებს აწყნარებდა. განშორებას იმედი ჰქონდა, რომ ახლა მაინც დადგა მისი დრო – სიყვარულსა და მადლიერებას მათი გულები კარგა ხნის წინ უნდა დაეტოვებინათ. მაგრამ თვალებში
რომ ჩახედა, პატივისცემა და ურთიერთგაგება დაინახა.
“მოგვიანებით მოვალ”, – ჩაილაპარაკა განშორებამ.
გავიდა დრო. ისევ მოვიდა მათ სახლთან განშორება. ხედავს – ბავშვები უკვე დიდები არიან, ჭაღარა მამა რაღაცას უხსნის თავის შვილებს, ცოლი სამზარეულოშია, ამზადებს. ჩახედა მათ თვალებს და იმედგაცრუებულმა ამოიოხრა: მათ თვალებში ნდობა დაინახა.
“მოგვიანებით მოვალ”, – თქვა და წავიდა.
ისევ დადგა დრო.
შეიჭყიტა სახლში, ხედავს, შვილიშვილები დარბიან, ბუხართან მოხუცი, მხრებში მოხრილი ქალი ზის. განშორება უყურებს და ფიქრობს: “აი, მოვიდა ჩემი დრო”. უნდოდა, თვალებში ჩაეხედა მოხუცი ქალისთვის, მაგრამ ის ადგა და სახლიდან გავიდა. განშორება უკან გაჰყვა. ქალი სასაფლაოზე მივიდა და საფლავთან ჩამოჯდა. ეს მისი ქმრის საფლავი იყო.
– ეტყობა, დავაგვიანე, – იფიქრა განშორებამ, – დროს ჩემ ნაცვლად უზრუნია.
და განშორებამ მოხუცს ატირებულ თვალებში ჩახედა. მათში ხსოვნა დაინახა, ხსოვნა სიყვარულის, მადლიერების, პატივისცემის, გაგებისა და ნდობის…

Check Also

5213046warmateba

ისინი, ვინც არ დანებდნენ – ცნობილი ადამიანების უცნობი წარუმატებლობები

ჯოან როულინგი 1994 წელს, მისი პირველი წიგნის – ჰარი პოტერის გამოსვლამდე სამი წლით ადრე, იგი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი