ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ხელოვნება / კინოხელოვნება / ტოპ-10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს

ტოპ-10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს

ტოპ-10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს

Blue valentine (”ლურჯი ვალენტინი”) – ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და რეალისტური ისტორია სიყვარულის დაკარგვაზე.

რეჟისორი დერეკ კიანფრენსი წყვილის ურთიერთობის დასაწყისს და დასასრულს გვიჩვენებს. ფილმში ვხედავთ ახალგაზრდა, მხიარულ, სიყვარულით და ცნობისმოყვარეობით სავსე წყვილს და შვიდი წლის შემდეგ გაზრდილ, დაღლილ, პრობლემატურ ცოლ-ქმარს, რომლებმაც ერთმანეთთან კავშირი დაკარგეს.

”ლურჯი ვალენტინი” საუკეთესო ილუსტრაციაა იმის, თუ რამდენად ემოციებით აღსავსეა სიყვარულის დაწყება და რამდენად ემოციებით აღსავსეა მისი დასასრული.

The fault in our stars -”ბედის ვარსკვლავის ბრალია”

”ბედის ვარსკვლავის ბრალია” (ასე თარგმნეს ფილმი ქართულ გაქირავებაში) – მომენტებში ძალიან ბანალურია, კლიშეებიც უხვად აქვს და არც დრამატურგიული მიღწევებით დაიკვეხნის. თუმცა სწორედ ისაა, ყველაზე კარგად გაგებული, აღქმული და დეკლარირებული ფილმი თინეიჯერების სიყვარულზე. და როგორც ყველა ღირსეული რომანტიკული დრამა, მისი ყურება იწყება ღიმილით და მთავრდება ცრემლებით. ჩათვალეთ, რომ ეს ფილმი თქვენი ადამიანობის ტესტია: თუ მისი ხილვისას არ იტირეთ, სასწრაფოდ მიმართეთ კარდიოლოგს, შეიძლება გული გაქვთ გაჩერებული.

Her –(”მისი”)

როგორი შეიძლება იყოს სასიყვარულო ურთიერთობები მომავალში? შესაძლოა, რომ საკუთარი ოპერატიული სისტემა შეგიყვარდეს? საერთოდ, როგორ ყალიბდება სიყვარული? როდესაც სიყვარული ქრება, სად მიდის ეს გრძნობა? ამ თემებზე ბევრი იფიქრა რეჟისორმა სპაიკ ჯონსმა და გადაიღო ფუტურისტული დრამა სიყვარულზე, რომელსაც არსებობისთვის მატერია არ სჭირდება. თბილი ფერებით სავსე სურათი ძალიან საინტერესო გასაანალიზებელ მასალას იძლევა, რომელზე ფიქრსაც კარგა ხანს გააგრძელებთ.

Eternal sunshine of the spotless mind – (”ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება”)

ყველაზე ორიგინალური სიუჟეტის მქონე ფილმი ჩვენს სიაში. დრამატული და, ერთგვარად, მაგიურიც. ნამდვილი სიყვარულის დასაბრუნებლად ბრძოლაა საჭირო. მისთვის, შესაძლოა, ყველაზე ბნელ ადგილებში მოხვედრა მოგიწიოს, მაგრამ როდესაც სიყვარული ფასეულია, მისთვის ყველაფერზე უნდა წახვიდე. მიშელ გონდრის უკვე საკულტო ფილმად ქცეული ნამუშევარი დეტალურად აღწერს, თუ რამდენად იოლია დაკარგო სიყვარული და რამხელა ძალისხმევაა საჭირო მის დასაბრუნებლად.

Love actually – (”რეალური სიყვარული”)

Love actually-ს მარტივად აღწერა რომ დამჭირდეს, ვიტყოდი, რომ მისი ყურება გემრიელი ნაყინის ჭამას ჰგავს: ის გემრიელია, ტკბილი და იოლად მოსაპოვებელი ბედნიერების შეგრძნებას გინერგავს. პოზიტიური და კეთილი ისტორია სიყვარულის თითქმის ყველანაირ გამოვლინებაზე მოგვითხრობს. გვასწავლის, რომ გრძნობებს არც ლინგვისტური შესაძლებლობები, არც ბიოლოგიური ასაკი, არც ფიზიკური არსებობა, არც სოციალური საფეხური, არც რელიგიური აღმსარებლობა, არც სექსუალური იდენტობა და საერთოდ, არანაირი კულტურული ბარიერი არ აჩერებს და არ სჭირდება. ის ყველგან და ყველაშია.

Punch drunk love  – (”გამაოგნებელი სიყვარული”)

პოლ ტომას ანდერსონი თანამედროვეობის ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) საუკეთესო რეჟისორია. მას საუკეთესოდ ესმის ადამიანების ფსიქოლოგია და ცნობიერი. შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ მისი ფილმი საუკეთესო მანიფესტია, რომელიც ოდესმე სიყვარულზე გადაღებულა.

ფილმში არის როგორც თვალსაჩინო, ისე სიტყვიერი მეტაფორები, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად აღწერს სიყვარულის ძალას, მის მოახლოებას, გაღვივებას, გაანალიზებას და ამოქმედებას. Punch drunk love, ერთი შეხედვით, უცნაური კომედია გეგონებათ (თან ადამ სენდლერია მთავარ როლში) და ასეცაა; უბრალოდ, ამას გარდა, ფილმში კიდევ ბევრი რამაა, რის გამოც ის თავს შეგაყვარებთ.

Annie hall – (”ენი ჰოლში”)

”სიყვარული ზვიგენივითაა, თუ გამუდმებით

წინ არ იცურა, მოკვდება” – ამბობს ვუდი ალენი ”ენი ჰოლში”, როდესაც მეოთხე კედელს ამტვრევს და მაყურებელს მიმართავს. ”ენი ჰოლი” ებრაელი რეჟისორის ყველაზე გულახდილი და რეალისტური სურათია. ყველაფერი, რაც რეალურად ხდება წყვილის ურთიერთობაში, გაცოცხლებულია ეკრანზე და დამატებული აქვს, როგორც კინოკრიტიკოსებს უყვართ ამის თქმა, ინტელექტუალური იუმორი. ”ენი ჰოლი” არა მხოლოდ ვუდი ალენის საუკეთესო ფილმია, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიკული სურათია, რომელიც შეიძლება ოდესმე ნახოთ.

High fidelity – (”მაღალი სიზუსტე”)

რა გაჩნდა პირველად: მუსიკა თუ უბედურება? იმიტომ ვუსმენ პოპ-მუსიკას, რომ უბედური ვარ თუ უბედური იმიტომ ვარ, რომ პოპ-მუსიკას ვუსმენ? – ეკითხება მაყურებელს მთავარი გმირი და მთელი ფილმი ასე მუდმივ ინტერაქციაში მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ეკრანიდან შენი ხმა არ ესმით, არ გტოვებს შეგრძნება, რომ მიმდინარე მოვლენების თანამონაწილე ხარ და შენი რჩევები მთავარი გმირისთვის მნიშვნელოვანია. გამოუყენებელი შანსების, გაფანტული დროის, დაკარგული სიყვარულის და მშვენიერი პოპ-მუსიკის თანხლებით, ფილმი მედიტაციის შეგრძნებას დაგიტოვებთ და შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვან რამდენიმე კითხვაზეც გაგცეთ პასუხი.

Silver linings playbook  – (”ვერცხლისფერი პიესები”)

ფილმი ბედნიერების თერაპიაა – აი, წყვილები რომ ოჯახის ფსიქოლოგთან მიდიან, სავარძლებში მოთავსდებიან, ჰყვებიან თავიანთი პრობლემების შესახებ და იღებენ ანალიზურ პასუხებს, რომელიც, საბოლოოდ, პრობლემის სასიკეთოდ გადაწყვეტისკენ მიიყვანთ. ასეთი ფილმია სილვერ ლინინგის playbook. ბრწყინვალე რეჟისურით და სამსახიობო პერფორმანსებით სურათი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გვახსენებს. მაგალითად, თუ რამდენი რამ დავივიწყეთ სიყვარულის და ოჯახის შესახებ, როგორ მოვერგეთ ეგოცენტრულ საზოგადოებას; მხოლოდ საკუთარი თავით კეკლუცობაზე ვფიქრობთ მაშინ, როდესაც უნდა შევწყვიტოთ საუბარი, დავიწყოთ მოსმენა და ხელახლა ვისწავლოთ ნიშნების წაკითხვა.

500 days of summer  – (”სამერის 500 დღე”)

500 days of summer არის ჩვენი თაობის ენი ჰოლი. ამ უკანასკნელივით ჭკვიანური, ეპიზოდებში მხიარული, სავსე რეალური ემოციებით. ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რეჟისორი გვიხატავს სურათს იმის შესახებ, თუ რა და როგორ ხდება, როდესაც ”ბიჭი გაიცნობს გოგოს. ბიჭს უყვარდება გოგო, გოგოს არა”. ეს არ არის უბრალოდ ფილმი, ეს არის ძალიან რეალური ვიდეომასალა იმაზე, რაც ყოველ ჩვენგანს გადახდენია ან შეიძლება გადახდეს. ამასთან, მხატვრული კუთხით, კრეატივის რამდენიმე აფეთქება და რეჟისორული ოსტატობის უმაღლესი დემონსტრაცია გელით წინ. ამას ემატება ძალზე ნატურალური პერფორმანსები და ბრწყინვალე მუსიკა.

ბაჩო ოდიშარია
ჟურნალი ”და ქალი”
(ოქტომბრის ნომერი)

Check Also

download (2)

გმირი ვარსკვლავები

ცნობილი ადამიანები საზოგადოების ყურადღების მისაბყრობად უამრავ ხერხს მიმართავენ და ხშირადაც ხდებიან ხმაურიანი, არცთუ სასიამოვნო, სკანდალების ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი