ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / მოდა / ქართველი მოდელი, რომელიც გერმანელებს სწორ კვებასა და ეროტიკულ ცეკვებს ასწავლის

ქართველი მოდელი, რომელიც გერმანელებს სწორ კვებასა და ეროტიკულ ცეკვებს ასწავლის

ნორა ლობჟანიძის შესახებ საქართველოში ცოტამ თუ იცის. არადა, საკმაოდ წარმატებული ადამიანია, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და გერმანიის მასშტაბით ძალიან პოპულარულიც ერთდროულად რამდენიმე დარგში – ევროპული ცეკვები, ფიტნესი, ბოდიბილდინგი, დიეტოლოგია.

ბევრი გამარჯვების შემდეგ პროფესიონალი და საკმაოდ ძვირად ღირებული მწვრთნელი გახდა – თავისი სტუდია გახსნა, სადაც მიუნხენის მცხოვრებლებს აერობიკას, ეროტიკულ ცეკვებს, ფიტნესს, სწორ კვებას ასწავლის. პარალელურად ცნობილი ფიტნესმოდელია, მონაწილეობს ფოტოსესიებში სხვადასხვა პროექტისთვის, მათ შორის, გულახდილ ფოტოებზეც არ ამბობს უარს. ნორას გერმანიაში დავუკავშირდით და ექსკლუზიური ინტერვიუც ჩავწერეთ ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის.

– თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან დავდიოდი ტანვარჯიშზე და საკმაო წარმატებებიც მქონდა. 10 წლისამ ქართულ ცეკვებზე დავიწყე სიარული. 13 წლისა ოჯახთან ერთად გერმანიაში გადმოვედი საცხოვრებლად. რადგან ცეკვა მიყვარდა, მაშინვე დავიწყე ცეკვაზე სიარული. უფრო თანამედროვე ცეკვებს ვეუფლებოდი, ფიტნესითაც დავინტერესდი. ორივე სფეროში იქაც წარმატებული აღმოვჩნდი – გერმანიის ჩემპიონატი მოვიგე და სულ მალე ცეკვისა და ფიტნესის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ასე გაგრძელდა ჩემი კარიერა. სკოლის მერე ამერიკაში წავედი.

იქაც ცეკვას მივყვებოდი აქტიურად. რამდენიმე წლის წინ დავბრუნდი გერმანიაში, რადგან ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს და მიუნხენში გავხსენი ცეკვისა და ფიტნესის სკოლა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. ამ სკოლაში ვმუშაობ მწვრთნელად, მასწავლებლად და პარალელურად, ფიტნესმოდელი გახლავართ.

– რატომ დაგაინტერესა ბოდიბილდინგმა, რომელიც არც ისე ქალური სპორტია…
– იმიტომ დავიწყე ამ სპორტში ვარჯიში, რომ ფიტნესმოდელად ვმუშაობდი. ფიტნესმოდელს ძალიან დახვეწილი და ნავარჯიშევი, ლამაზი სხეული უნდა ჰქონდეს. ბოდიბილდინგში წლების წინ მარტო კუნთების ზომას აქცევდნენ ყურადღებას, დღესდღეობით კი ყველაზე დიდი ყურადღება ლამაზ ფორმებსა და პროპორციებს ექცევა და გამარჯვებებიც აქედან მოდის.

ამ სპორტში მომწონს ის, რომ ძლიერი ნერვები უნდა გქონდეს, რათა ამ ტანჯვას გაუძლო. პიროვნულად ავითარებს ადამიანს, გინდა თუ არა, თავს ებრძვი! უნდა აკონტროლო ყოველი მოქმედება, ყოველი გრამი – რას ჭამ და რას – არა.

– როგორ ახერხებ ამდენი საქმის შეთავსებას და როგორია შენი ერთი დღე?
– თუ რამეს სიყვარულით აკეთებ, ეს სამუშაო არ არის და არც გღლის. სიმართლე გითხრათ, მთელი დღე დაგეგმილი მაქვს. 6-7 საათზე ვიწყებ დღეს ვარჯიშით, მერე ბიუროს საქმეებს ვაკეთებ, შემდეგ – პერსონალურ კლიენტებს ვამზადებ, მეორედ ვვარჯიშობ. საღამოს ცეკვის სკოლაში ვარ. შინ დაბრუნებული ვამზადებ საჭმელს მეორე დღისთვის. როგორც ფოტო
მოდელი, სხვადასხვა დღეს ვმუშაობ და ყველაფერს ამის მიხედვით ვგეგმავ. შუაღამისას ვიძინებ.

– რას გვეტყვი შენს პირად ცხოვრებაზე?
– პირად ცხოვრებაზე არ მსურს ლაპარაკი. მინდა, ჩემი სამუშაოთი დამაფასოს ხალხმა და არა ჩემი პირადი ცხოვრებით (იცინის).

– საქართველოში თუ ჩამოდიხარ და რაიმე პროექტების განხორციელებას ხომ არ გეგმავ აქ?
– საქართველოში დაახლოებით 9 წელია, აღარ ვყოფილვარ. ალბათ იმიტომ, რომ ცოტა მეშინია კიდევაც. 9 წლის წინ რომ ვიყავი, იმის მერე ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავვარდი.D რატომღაც საქართველოში აღარ ვგრძნობ თავს ისე, როგორც სახლში,თუმცა მყავს ნათესავები და ბავშვობის მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს. საერთოდ, ასე ვცხოვრობ: სადაც ვარ, იმ ცხოვრებით. არ მაინტერესებს, გარშემო და შორს რა ხდება. არც ტელევიზორს ვუყურებ, არც გაზეთს ვკითხულობ. მხოლოდ ჩემი მიზნებისკენ ვარ მიმართული. ყველაფერი, რაც ჩემს მიზნებს არ ეხება, ჩემთვის დროის დაკარგვასავით არის. ერთი ცხოვრება გვაქვს და იმის მაგივრად, რომ იმას ვუყურო, ჩემ გარშემო რა ხდება, მირჩევნია, საკუთარ თავს მოვუარო.

 

   – ფიტნესსა და მოდელობასთან ერთად, შოუკონცერტებზეც გამოდიხარ და ძელთან ცეკვავ. ნუდის ტიპის ფოტოსესიებს ადვილად თანხმდები?
– შიშველ სურათებს მხოლოდ მაშინ ვიღებ, თუ მხატვრულია, ხელოვნებასთან ახლოს, და არა პორნოგრაფიული. თუ ჩემი ტანი ლამაზად, კლასიკურ სტილშია წარმოჩენილი, ძალიან მიყვარს ასეთი სურათების გადაღებაც და ყურებაც. ჩემი ტანი არის ჩემი მრავალი წლის შრომის შედეგი და სულ ასე იქნება. ტანი ასეთ ფორმაში რომ გქონდეს, ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება – ეს ჩემთვის სილამაზე და ესთეტიკაა.– მოსწავლეებს რისი ათვისება სურთ ყველაზე მეტად?
– ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს. ამჟამად უფრო მეტად სხვა ტრენერებს ვასწავლი ყველაფერს. ყველაზე მეტად უნდათ ლამაზი ტანის დაყენება, ამაში ვარჯიშის გარდა დიეტოლოგიაც შედის და ეროტიკული ცეკვებიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე.

– საიტზე წერ, რომ ხალხურ მედიცინას ეუფლები…
– ხალხური მედიცინა ძალიან მაინტერესებს. საერთოდ, ყველაფერი მაინტერესებს, რაც ჯანმრთელობასა და სილამაზეს ეხება. როგორ ვასწრებ და – მონდომება და მოტივაცია. ხანდახან ძალიან რთულია ამდენი საქმის ერთად კეთება, მაგრამ ორგანიზაცია და კარგი თანამშრომლები, ჩემი ოჯახი – ყველანი მხარს მიჭერენ და ძალიან მეხმარებიან.

– ასევე საიტზე ამოვიკითხე, რომ საათში 120 ევროდ ასწავლი, საკმაოდ ძვირია ჩვენი გადმოსახედიდან.
– დიახ, მაღალი ჰონორარი მაქვს.… არსებობენ ადამიანები, რომლებიც იხდიან ამდენს. პერსონალურად მაქსიმუმ 10 ადამიანს ვავარჯიშებ. მარტო კი არ ვავარჯიშებ, ასე თუ ისე, მათი ფსიქოლოგიც ვარ და საერთოდ, ყველაფრით გვერდში ვუდგავარ. შეუძლიათ, დღეში 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს მესაუბრონ.

– ამ ინტერვიუს მერე ძალიან ბევრი ქართველი გაგიცნობს, რას ეტყვი თანამემამულეებს?
– როგორც მოგახსენეთ, ძალიან დაინტერესებული არ ვარ პოლიტიკით და ამგვარი საკითხებით. თუმცა ვცდილობ, ჩემი მოღვაწეობითა და საქმით რაც შეიძლება მეტ ხალხს დავეხმარო ჩემ გარშემო. გული მწყდება, რომ საქართველო ვერა და ვერ დადგა ფეხზე. იმედია, რამდენიმე წელიწადში ისეთი სტატუსი მექნება აქ, რომ შემეძლება, საქართველოთი მსოფლიო დავაინტერესო. ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები – მანდ ვისწავლე ბევრი რამ ცხოვრებაზე, ერთიანობაზე, სიყვარულზე, და რაც ჩემში სითბო, სიყვარული და წინსვლის სურვილია, ჩემი ქვეყნიდან მოდის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს თავს ქართველს ვუწოდებ და მაქვს მიზანი, რომ საქართველოს წინსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო.

ლელა ზურებიანი
ჟურნალი ”რეიტინგი”

 

Check Also

f9ddafa0f91b

” ყველაფერს ვიტყვი” – ანუკი არეშიძის პორტრეტი, ოჯახური ამბებითა და მოდური ხრიკებით

 

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი