ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ბრძნული აზრები / • რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ პატრონობს_იგავნი სოლომონისა (ფრაგმენტები)

• რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ პატრონობს_იგავნი სოლომონისა (ფრაგმენტები)

• სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად, ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად, ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად, გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა, რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.
• უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
• თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალმაქცი კაცისაგან, სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან.
• ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის
შეძენას და მისი მოსავალი – ხალას ოქროს, მარგალიტზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.
• იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი. უფალმა სიბრძნით
დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი.
• ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება.
• ნუ ეტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს.
• ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს, როცა ის იმედიანად ცხოვრობს შენთან.
• ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის.
• ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას.
• რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი.
• აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში:
• ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,
• ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები,
• ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.
• ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი არის წყრთილებს იცავს.
• ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისაგან მადლს მოიხვეჭს.
• ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
• გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
• შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება.
• ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
• უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა – სიბრძნეში.
• რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
• არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისაგან.
• გულწრფელებს თავისი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან.
• ჭკუათხელი თავის ახლობლებს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.
• ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება ბრძენი კი რჩევის გამგონეა.
• ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.
• გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია.
• საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.
• სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.
• მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.
• ქარით მოტანილი სიმდიდრე ცოტავდება, ხელით შემგროვებელი კი აბევრებს.
• ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
• ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის.
• სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება.
• თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა მწყალობელი კი ნეტარია.
• ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.
• მშვიდი პასუხი გულიწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
• ქატაფშუტას არ უყვარს თავისი მამხლებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა.
• გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზდოობს.
• უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში.
• უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული, ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი.
• ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.
• თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.
• კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
• შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძულეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.
• გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგან მოდის.
• კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია.
• ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე: გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება.
• უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.
• კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს.
• სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე – უმჯობესი. მართალთა გზა-კვალი ბოროტებას
გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს.
• დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას – ქედმაღლობა.
• ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის.
• წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.
• ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში.
• მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
• დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს.
• გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა.
• სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა.
• ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივე სიბილწეა უფლის თვალში.
• ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს?
• ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
• ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი.
• მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია.
• მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული – ჭკვიანად.
• თავკერძა კაცი თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება.
• ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფვის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს.
• ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვა- გინებას კი – სირცხვილი. მოუთმენლად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
• ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება.
• ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები.
• დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.
• ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და ის გიშველის.
• ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო?
• ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი – ჭაღარა.
• ქედმაღლობა და დიდგულობა – ბოროტეულთა ლამპარი – ცოდვაა.
• მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა – სიდუხჭირეს.
• ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია, თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული.
• რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი – ვერცხლზე და ოქროზე.
• გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
• ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.
• კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან ღარიბს თავისი პურიდან გაიკითხავს.
• ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ.
• დიდკაცთან პურის საჭმელად რომ დაჯდები, დაკვირვებით იყავი:
• ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.
• ნუ ინდომებ მის ნუგბარ საჭმელებს, მაცდური პურია იგი.
• რადგან როგორც იქცევა, ისე არ ფიქრობს; ჭამე და სვიო, გეუბნება, მაგრამ შენთან არ არის მისი გული.
• შეჭმულ ლუკმას უკან ამოანთხევ და მადლობის სიტყვებს ფუჭად დახარჯავ.
• ბრიყვს ყურში ნურაფერს ეტყვი, რადგან მას სძულს შენი გონივრული სიტყვები.
• ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;
• რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენს წინააღმდეგ.
• ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული.
• ნუ იტყვი როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისაებრ მივაგებო.
• თუ თაფლი იპოვე, იმდენი ჭამე, რამდენიც შეგერგება, რომ არ გატყვრე და უკან არ ამოანთხიო.
• მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს.
• თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი.
• რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ პატრონობს.
• ბრიყვს მისი სირეგვენისებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.
• რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის კამათში ჩარეული.
• ორმოს გამთხრელი შიგ თვითონ ჩავარდება, ქვა მის მსროლელს დაუბრუნდება.
• სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ დ არა შენმა ბაგეებმა.
• მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.

Check Also

10599471_632395983525208_7057669117988650108_n

რობინ შარმას პრინციპები :

1. იცოდე, რაც უნდა აკეთო, და არ აკეთო, ეს იგივეა, რაც არ იცოდე რა უნდა ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი